26 დეკემბერი 2024,   23:32
ვრცლად
როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები - ოპოზიციის დიდ ნაწილს ალტერნატიული გეგმა აქვს, რომელსაც ხვალინდელ აქციაზე გაასაჯაროებენ

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა პასუხისმგებელი პირებითა და ვადებით გაწერილია. "ქართული ოცნება" ევროპული დაპირების მისაღებად დავალების შესასრულებლად მზად არის, თუმცა მთავარი კითხვაა ჩაერთვება თუ არა პროცესში ოპოზიცია.

მმართველმა გუნდმა ევროკომისიის პირველი მოთხოვნის - დეპოლარიზაციის შესრულების მიზნით, ოპონენტებს კონკრეტული ფორმატიც შესთავაზა.

ოპოზიციის დიდ ნაწილს ალტერნატიული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები და ამ გეგმის გასაჯაროებას ხვალინდელ აქციაზე აპირებენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ცრუ საქმეს უწოდებს ხელისუფლების შეთავაზებულ გეგმას და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებული გეგმა ვერაფერს შეცვლის. მისი თქმით, საქმეზე ორიენტირებული იქნება გეგმა, რომელსაც საზოგადოებას ოპოზიცია შესთავაზებს.

ტყუილს უწოდებს ხელისუფლების შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც. მისი თქმით, ეს დროის გაყვანისა და პროტესტის ჩახშობის მცდელობაა.

"ეს ხალხი არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არც ამ პერსპექტივის გამოყენებას," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საჭიროა კონკრეტული მოქმედება და ნაბიჯები და არა, პროცესების გადავადება კომისიების შექმნისა და კომისიებში უშედეგო მსჯელობების გზით.

"უახლოეს მომავალში ჩვენ კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს. ისევ და ისევ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, რომ შეიქმნას ეროვნული თანხმობის კაბინეტი," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები