26 დეკემბერი 2024,   13:52
ვრცლად
სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, რომელიც თავად ითხოვს მთლიანად ტექნიკური მთავრობის შექმნას - შალვა პაპუაშვილი

როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ჩაერთვებიან თუ არა ოპონენტები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში - ამაზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხალხი, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს, სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

"ასეთი ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, რომელიც თავად ითხოვს მთლიანად ტექნიკური მთავრობის შექმნას. ასე რომ სხვა რა ფორმატი შეიძლება იყოს, როდესაც არის მცდელობა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ამა თუ იმ საკითხზე. ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა ამავე დროს, დეპოლარიზაციის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტია ის ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფი არის თავმოყრილი, ხანდახან სწორედ პარლამენტია ხოლმე პოლარიზაციის საფუძველი. თუ ოპოზიცია ერთმანეთში ამ საკითხებს განიხილავს, ეს პირიქით მისასალმებელია. ეს ნიშნავს, რომ საქმიანად უდგებიან ამ საკითხებს და არა იმ აბსურდული მოთხოვნებით, რომელიც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, დემოკრატიისთვის გვერდის ავლას და რაღაც ელიტური ჯგუფების მიერ, ისე რომ ლეგიტიმაცია არ აქვთ, მთავრობის დაკომპლექტებას,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ახლა დავით უსუფაშვილის კაბინეტში კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრაში მონაწილეობენ: "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "მოქალაქეები" და "გირჩი" - პარტიებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი გეგმის განხორციელებაში, ასევე ისაუბრებენ საკუთარ ხედვებზეც

დღის ამბები