24 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"მივესალმები საქართველოს, მადლობა, რომ თქვენი შვილი მოგვანდეთ" - ნეაპოლელი გულშემატკივარი "რუსთავი 2-თან" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

1 ივლისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია Seria A-ს ერთ-ერთი გრანდის, "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა. ხვიჩას სატრანსფერო საგა ამ დღემდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, იყო უამრავი სპეკულაცია "ტოტენჰემის", "იუვენტუსის", "მილანის" და სხვა ევროპული კლუბების ინტერესის შესახებ, თუმცა საბოლოოდ - ხვიჩა ნეაპოლიტანელთა ღირსებას დაიცავს.

ახალი ქვეყანა, ჩემპიონატი, კლუბი და ხვიჩას მომავალი "ნაპოლიში" - ეს ყველაფერი ქართველ გულშემატკივარში ბევრ მოლოდინს აჩენს, თუმცა საინტერესოა, როგორ უყურებენ ამ ტრანსფერს ადგილობრივი ფანები, იტალიური ტერმინოლოგიით, "ტიფოზები".

"რუსთავი 2"-თან კლუბის ადგილობრივი თაყვანისმცემელი, პიერ პაოლო პენცა ამბობს, რომ აქამდე ხვიჩას, როგორც ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის და მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარება. 

"ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს, აქამდე არ ვიცნობდი და ვფიქრობ, რომ ნეაპოლში არც არავინ იცოდა მის შესახებ, მაგრამ "ნაპოლის" ჰყავს ძალიან კარგი სპორტული დირექტორი. მჯერა, რომ ხვიჩა იცნობდა ჩვენს მწვრთნელს. ლუჩიანო სპალეტი, 5 წელი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მუშაობდა. როგორც დაიწერა, სწორედ მან დაურეკა ხვიჩას, რათა შემოთავაზების მიღებაში დაერწმუნებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან გადაწყვიტა "ნაპოლიში" ჩამოსვლა, რადგან მჯერა, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი ემოციის მინიჭება შეუძლია ნეაპოლელებისთვის და სანაცვლოდ, ჩვენგან დიდი სიყვარულისა და მადლიერების მიღებას შეძლებს," - მისი თქმით, ნეაპოლი მშვენიერია ქალაქია, ასევე სტუმართმოყვარედ ითვლება და ხვიჩას ადაპტაციის პრობლემა არ ექნება.

გასულ წელს, განსაკუთრებით კი მის პირველ ნახევარში, "ნაპოლი" Seria A-ში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსებს, საბოლოოდ კი ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პიერი ოპტიმისტურად უყურებს ახალ სეზონს და იმედი აქვს, რომ მისაღწევ წარმატებებში ხვიჩას როლი დიდი იქნება.

"ბოლო წლებში, "ნაპოლი" იტალიასა და ევროპაში მნიშვნელოვანი კლუბი გახდა. წელს ის "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას და ხვიჩა კვარაცხელიას ექნება შესაძლებლობა, აჩვენოს თავისი სრული ღირებულება - მნიშვნელოვან ეტაპებზე დაპირისპირებებში. იმედი მაქვს, "ნაპოლის" შეუძლია დაიბრუნოს Seria A -ს ჩემპიონის ტიტული, რომელიც 30 წელია დაკარგული გვაქვს, ასევე, აჩვენოს კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ეს არამხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე, არამედ მთელ გუნდზე იქნება დამოკიდებული," - ამბობს ის. 

პიერის თქმით, ხვიჩა მალე შეეწყობა "ნაპოლის", რადგან გუნდი ძალიან ერთიანია. მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიურის სწავლა იქნება, თუმცა სპალეტიმ რუსული იცის და დასაწყისში კომუნიკაციისთვის ეს გამოადგებათ.

პიერი მადლობას უხდის ბათუმის "დინამოს" და მის გულშემატკივრებს, რადგან - "ნაპოლის" "მათი შვილი მიანდეს".

დღის ამბები