27 დეკემბერი 2024,   01:39
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის ინტერესების დამცველი სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, დასკვნით სიტყვას ამბობს

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის ინტერესების დამცველი სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, დასკვნით სიტყვას ამბობს. მომდევნო პროცესზე სიტყვა უკვე ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას ექნება, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ხანდაზმულობის ვადაზე. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მეორე ინსტანციაში "რუსთავის 2-ის" 60%-იან წილზე დაობენ.

"მესამე სასამართლო სხდომაზე გრძელდება ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა, ჩვენი არგუმენტების, მტკიცებულებების და საქმის გარემოებების. ყველაფერი არის ხელისგულზე, კანონიც, მტკიცებულებებიც, არგუმენტებიც. მთავარი არის ახლა, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე იმედი მაქვს, რომ თუ არა სააპელაციო სასამართლოში უზენაესში მაინც და თუ უზენაესში არა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სიმართლეს," - აცხადებს დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია მათ არგუმენტაციას არ ეთანხმება :

"გარკვეული ხარვეზები პირველი ინსტანციის სასამართლოში არის გადაწყვეტილებაში, რაზეც ჩვენ თვითონაც მივუთითებთ, თუმცა, მიგვაჩნია, რომ არსებითად ის, რომ არ დაკმაყოფილდა სარჩელი, სწორია და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, გარკვეული კორექტივებით. კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრით, რაც იყო ამ საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი. სავარაუდოდ, შემდგომი სხდომა დაეთმობა ჩვენი პოზიციების მოსმენას," - ამბობს პაატა სალია.

დღის ამბები