მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მათ მიერ შეთავაზებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ ერთვება, ევროკავშირის წინააღმდეგ მიდის.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას არასწორი და არათანმიმდევრული მიმართულებები აქვს.
"პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიზნები, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ამათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, ამათ უნდათ ისეთ გეგმა, რომელიც ამათ ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როდესაც მიზნები განსხვავებულია, ბუნებრივია, რომ იქ შეთანხმება არის რთული. რეგლამენტის შესაბამისად, ჯერ მწიფდება საკითხები, რომელიც მოითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას. ამათ ჯერ დააანონსეს, რომ რიგგარეშე სესია უნდა მოეწვიათ და ახლა ფიქრობენ იმაზე, რა საკითხები გაიტანონ რიგგარეშე სესიაზე. ასეთი არასწორი და არათანმიმდევრული მიმართულებები რომ აქვთ, იმიტომ არის რომ მათი მოთხოვნები ყოველთვის ხდება მინიმუმ ისეთი, რომელიც არის შეუსრულებელი," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
განცხადება საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
"ამ თითიდან გამოწოვილ, მათ მიერვე იგნორირებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავს ნუ მოგვახვევენ. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, გაანებეთ თავი რევოლუციას, გაანებეთ თავი ქვეყნის ჯანჯღარს, იმუშავეთ პარლამენტში და ყველა ხელშესახები და საქმესთან მყოფი კომპრომისი მისაღწევი გახდება. სანამ ისინი ერთი ხელით იქნებიან მომართული იქითკენ, რომ პარლამენტი ანჯღრიონ, მთავრობას უძახონ რომ წაგლეკოთ და გადაგაგდოთ და მეორე ხელით კონსტრუქციულობას გვთხოვდეთ, ასე არ არის საპარლამენტო ცხოვრება და დემოკრატია," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.