15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ პარტიებს, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებაში არ მონაწილეობენ, საქართველოს ევროკაშვირში გაწევრიანება არ სურთ

12 პირობის შესასრულებლად უმრავლესობა მუშაობას განაგრძობს და ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჩაერთონ პროცესში.

"ქართული ოცნება" თვლის, რომ ის პარტიები, რომლებიც 12-ი პუნქტის შესრულებაში არ მონაწილეობენ, ადასტურებენ, რომ მათ საქართველოს ევროკაშვირში გაწევრიანება არ სურთ. დღის მეორე ნახევარში, ოპოზიცია არასამთავრობოებთან შეხვედრას გეგმავს.

ისინი აცხადებენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე კონსულტაციებს გამართავენ პრეზიდენტთანაც.

ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ არსებობს 12 კონკრეტული საკითხი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების და ქვეყნის იმედი აღარავის აქვს. 

"არავის ჩვენი იმედი აღარ აქვს, განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში. ცოტახნით მაინც უნდა შევრიგდნენ და ევროპელებს უთხრან, რომ შევრიგდითო და მერე გააგრძელონ ჩხუბი, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი,"- აცხადებს ხვიჩია. 

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა მოიქცეს ევროპულად და კომპრომისზე წავიდეს. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ნაწილს არ სურს ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება. მათი თქმით, ოპოზიციის ნაწილი სამუშაო შეხვედრებსაც კი არ ესწრება. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მუშაობა არ შეჩერდება. 

"მუშაობა რეალუარდ არ შეჩერდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 12 პუნქტიან გეგმაში წინსვლა გვექნება. ამაში ჩაერთვებიან თუ არა ჩვენი ოპონენტების წარმომადგენლები. გაუცხოება ამ პროცესისგან არ დარჩება შეუმჩნეველი არც ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან და არც ამერიკელი კოლეგებისგან,"- აცხადებს ცაგარეიშვილი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ცდილობს 12 პუნქტიანი გეგმის აყირავებას.

"ჩვენ როგორც კი სესია დაგვჭირდება, პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ამ სესიას მოვიწვევთ. ეს გავს მაგიდის აყირავებას, ეს მაგიდის აყირავება ნიშნავს არა ქართულ ოცნებისთვის აყირავებას, არამედ ისინი მაგიდას უყირავებენ ჩვენს ქვეყანას,"- აცხადებს ოხანაშვილი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ცდილობს საკუთარი გაფუჭებული საქმე ხელისუფლებას დააბრალოს. 

"ძალიან კარგად ხდება დღეს იმის ლუსტრაცია ვის რა სურვილი აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ოპოზიცია ცდილობს საქართველომ არ მიიღოს სტატუსი და საკუთარი გაფუჭებული საქმე დააბრალონ ხელისუფლებას,"- აცხადებს მათიკაშვილი. 

მმართველი გუნდის სამუშაო შეხვედრები პარლამენტში ორშაბათიდან განახლდება. 

დღის ამბები