15 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა დემონსტრაციები უშედეგოდ დასრულდა, მთავრობა არის სტაბილური, ძლიერი და ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაშია. ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ, მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს, სადაც ავსტრიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში, თავის მხრივ კი, რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და ამ ფონზე ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მედიის კითხვებსაც უპასუხეს, რომელთა შორის იყო შეკითხვა, ბოლო პერიოდში საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ამაში დასარწმუნებლად მან კითხვის ავტორი, ადგილობრივი ჟურნალისტი საქართველოში მოიწვია.  საქართველოს პრემიერის თქმით, სიტუაცია დრამატულად არის შეცვლილი ბოლო ათწლეულში და საქართველო ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმიდან გამორჩეული დემოკრატიის ქვეყნად იქცა.

"ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩავაბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ამაყად, თამამად ითქვას, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ამასთან, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი.

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში. ჩვენთან გარანტირებულია ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება. 10 დღეში შეიძლება, გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხებიც და სიტუაციაც არის რადიკალურად გაუმჯობესებული.

მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი მაგალითად, რომელიც ხაზს უსვამს, რეალურად რა ვითარებაა საქართველოში. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 ათას, 5 ათას საქმეს. დღეს ეს საქმე შემცირებულია 150-მდე. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებების მიმართულებით.

რაც შეეხება დემონსტრაციებთან დაკავშირებულ კითხვას, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვები, უშედეგოდ დასრულდა. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

 

დღის ამბები