26 დეკემბერი 2024,   23:01
ვრცლად
რა გახდა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მოტივი - მსოფლიო ლიდერები იაპონიას უსამძიმრებენ

იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის, ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლა უკანასკნელი აღმოჩნდა. თავდამსხმელმა, ადგილობრივი დროით 11.30 წუთზე ექსპრემიერს ზუსტად ორი ტყვია ესროლა, საიდანაც მეორე საბედისწერო გამოდგა. თავდასხმის ფაქტი იაპონიის საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ შინძო აბე გასროლის მიუხედავად არ გაქცეულა, ყოფილმა პრემიერმა გონება დაკარგა და ის ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. იაპონიის მთავრობაში მომხდარს ბარბაროსობა და ბოროტება უწოდეს.

პოლიციამ 41 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილზე აიყვანა. იამაგამი ტაცუია წლების წინ იაპონიის საზღვაო ძალებში მსახურობდა. ყოფილმა სამხედრომ დანაშაული ხელნაკეთი ორლულიანი იარაღით ჩაიდინა. დანაშაულის მოტივი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელს მსხვერპლის პოლიტიკური იდეოლოგია არ მოსწონდა. იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც იარაღის შეძენა-ტარებაზე უმკაცრესი წესებია. ქვეყნის მასშტაბით კი, მსგავსი ტიპის დანაშაული უიშვიათესი შემთხვევაა.

შინძო აბე ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე გავლენიანი იაპონელი პოლიტიკოსი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აბე ქვეყანას ყველაზე ხანგრძლივი დროით, ორი ვადით მართავდა. ექსპრემიერი პოპულარული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სივრცეში. იაპონია მხარდამჭერ წერილებს მთელი მსოფლიოდან იღებს, სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

"ჩემი ღრმა თანაგრძნობა და სამძიმარი შინძო აბეს ოჯახსა და ახლობლებს, ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა. პრემიერი აბე იაპონიის მართლაც განსაკუთრებული ლიდერი იყო. ამ მწუხარების დროს ჩვენ ვდგავართ იაპონელი ხალხის გვერდით," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. იაპონიის ექსპრემიერზე მომხდარ თავდასხმას საშინელი ტრაგედია უწოდა სალომე ზურაბიშვილმაც.

დღის ამბები