26 დეკემბერი 2024,   23:19
ვრცლად
კელი დეგნანი ყაველაშვილზე: აშკარად არ ესმის ის, რომ შეერთებული შტატები მხარს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას უჭერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს წერილი. როგორც კელი დეგნანი ამბობს, წერილი "სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით".

"ეს წერილი, იმდენად სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერც წავიკითხე. ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ თუ რას ემსახურება ეს. ნათელია, რომ ავტორს არ ესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციით გარანტირებული და აქვს კონსტიტუციური მანდატი. მაგალითად ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის მანდატიც არის, რომ დაიცვას თითოეული ქართველის უფლება. ძალიან საშიშია, როდესაც ხდება ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება. ეს ყველა დემოკრატიისთვის ძალიან საშიში პროცესია.

არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო იმ საკითხზე რაც მრავალჯერ ითქვა, რომ ტყუილია თითქოს ამერიკას ან ევროპას სურს საქართველოს ჩართვა ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ ომი შეჩერდეს. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის. და ყველას, ვისაც სურს მშვიდობისთვის ჩვენთან ერთად მუშაობა, ისინი არიან, ვინც ჩვენს გვერდით გვყავს. ასეთი ძალიან ბევრი სახელმწიფოა და დარწმუნებული ვარ, თავად პრემიერმაც ნახა, როდესაც მადრიდში სამიტზე იმყოფებოდა. ძალიან სერიოზულია ის მასშტაბი მხარდაჭერის, ვისაც სურს ომის შეჩერება.

ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის მოსაზრებას, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რაც იდენტიფიცირებულია უკვე, როგორც ტყუილი. ჩემი შეკითხვაა, რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილს და ფალსიფიკაციას," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები