15 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ბოდიშს ვიხდით, გპირდებით, აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას - "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს​

მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მთავარი პრინციპი არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და მათთვის, არც ერთი მოთხოვნა, პოლიტიკური გემოვნება თუ მისწრაფება არ დგას ეროვნულ იდეაზე – ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მაღლა.

განცხადების ავტორები ასევე, საზოგადოებას ბოდიშს უხდიან იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიეტანათ ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა:

"უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა თითოეულს, ვინც უთვალავი პრობლემის და გასაჭირის მიუხედავად პოულობს ძალას, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოლოს. თქვენი შეუპოვრობა ისტორიულია. უმნიშვნელოვანესია, არ დავკარგოთ, რამაც 20 ივნისს 150 ათასი ადამიანი რუსთაველზე მიგვიზიდა – ერის გამაერთიანებელი იდეა – წინ, ევროპისკენ და შინ, ევროპისკენ.

3 ივლისის მასშტაბურმა პროტესტმა საზოგადოების ნაწილს სამართლიანი კითხვები გაუჩინა დემონსტრაციის მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით. მაინც რა მოხდა მესამე აქციაზე?

კამპანია „შინ, ევროპისკენ“ მაისის მიწურულს დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ჯერ თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ხელოვნურად ნაკვები განზიდულობის მიუხედავად, ათი ათასობით განსხვავებულ ადამიანს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა.

ვიაზრებდით რა, რომ ეროვნული იდეა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფზე დიდია, ჩვენ ფართოდ გავხსენით კარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის, რათა ყველას შეძლებოდა, წვლილი შეეტანა ეროვნული ინტერესის დაცვაში. აგრეთვე დავაწესეთ პროტესტის მკაცრი ტაქტიკური ჩარჩო – არაძალადობრიობა.

ჩვენ ახლაც ვრჩებით მაქსიმალური ჩართულობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპის ერთგულნი, მაგრამ იმავდროულად, ვაცნობიერებთ შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებმაც ბევრი ინტერესის დაბალანსებისა და კონსენსუსის ძიების პროცესში თავი იჩინეს. ამ მცდელობებმა მიითვისეს ყურადღება, რომელიც მთავარი აქტორისთვის - ხალხისთვის უნდა დაგვეთმო, რათა 3 ივლისის აქციის მიმართ მოლოდინები სწორად გვემართა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიგვეტანა ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა, რათა მათ წინასწარ სცოდნოდათ, რისთვის მოდიოდნენ აქციაზე. შეკრების თავდაპირველი მიზანი, მთავრობის სხდომის გაუქმება, გადაფარა საორგანიზაციო გუნდს მიღმა შექმნილმა ცრუ მოლოდინმა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა და ბრძოლაც დასრულდებოდა.

გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, რომელიც სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ ყველაზე მკაფიოდ 20 ივნისს გამოხატა.

ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ჩვენთვის არც ერთი მოთხოვნა, პოლიტიკური გემოვნება თუ მისწრაფება არ დგას ეროვნულ იდეაზე – ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მაღლა.

ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება ვიწროპარტიულმა ინტერესებმა და უნდა ვკონცენტრირდეთ 12 მოთხოვნაზე, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, შემდეგ კი ჩვენგან – ევროკავშირს.

ჩვენ უნდა დავიცვათ 150 ათასი ადამიანის გამოსვლით გამოხატული იდეა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს აერთიანებს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ საშუალო და გრძელვადიანი გეგმები მხოლოდ ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანს დავუკავშიროთ.

ეს პროცესი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება თუ მასში თითოეული ჩვენგანი ჩაერთვება. გთხოვთ, არ გაანელოთ თქვენში საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სურვილი. ჩვენ გავიმარჯვებთ," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები