26 დეკემბერი 2024,   23:01
ვრცლად
უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება - ჯუანშერ ბურჭულაძე ბარამიძეს პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძე გამოეხმაურა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ბარამიძის კომენტარი უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივია და ქართული ჯარის დისკრედიტაციას ემსახურება.

"ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას, ძალოვანი უწყებების მინისტრის თანამდებობაზე, აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ დროსაც, ჩვენი ჯარის მიმართ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენი ჯარის მიმართ მათი დისკრედიტაციის მცდელობა იგრძნობა და არის მიზანმიმართული, რომ დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძის განცხადებით: "ღია ტექსტით ლანძღავენ ამერიკას და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტრები, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოს. კარგი, დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რა დღეშია ქართული ჯარი, რას გააკეთებს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან, ვის რაში სჭირდება."

მისივე თქმით, უმაღლესი მთავარსარდალი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც განაწყობს ჯარს, ჯარიც ისე მოიქცევა.

დღის ამბები