26 დეკემბერი 2024,   23:21
ვრცლად
მართლმსაჯულების რეფორმა - "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ დოკუმენტს ოთხი ოპოზიციური პარტია გაეცნო

ბრიუსელის 12- პუნქტიან ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარი მართლმსაჯულების რეფორმაა, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" დღეს ორას გვერდიანი დოკუმენტი წარადგინა. მმართველმა გუნდმა კოლეგებს კონკრეტული წინადადებები გააცნო და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

დოკუმენტს დღეს მხოლოდ ოთხი ოპოზიციური პარტია გაეცნო, დანარჩენებმა კონსულტაციებზე კვლავ უარი განაცხადეს.

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართული ოცნების" რეფორმას უნდობლობას უცხადებენ.

მიწვევის მიუხედავად, დღეს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არცერთი მათგანი არ მივიდა, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან კვლავ კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციის უარი, ქვეყნის ევროპულ პერესპექტივას საფრთხეს უქმნის - ასე აფასებენ ოპონენტების გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიციაში კონკრეტული ხედვა არ გააჩნიათ და რეალურად მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებით მოქმედებენ.

კონკრეტული შედეგის მოლოდინი აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს - სასამართლოს ინსტიტუციურ განვითარებაზე საკუთარი ხედვა უკვე წარადგინეს მოქალაქეებმა. თავისი წინადადებები აქვთ პარტია "საქართველოსთვის" და "გირჩის" წევრებსაც.

საკანონმდებლო დონეზე ჩანიშნული შეხვედრები ერთგვარი ტესტია, თუ ვის სურს რეალურად ქვეყნის ევროპული განვითარება - ასე აფასებენ პროცესს "ქართული ოცნების" წევრები და ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ვერ შეუშლის.

სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი მომავალ კვირასაც შეიკრიბება. ამ ჯგუფის ბაზაზე უნდა შეიქმნას ის კანონპროექტი, რომლის განხილვას დეპუტატები საშემოდგომო სესიაზე დაიწყებენ.

 

 

დღის ამბები