15 ნოემბერი 2024,   13:01
ვრცლად
2011-12 წლებში, მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ, ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, იგივე უნდა ითქვას გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე იდგა -ირაკლი ღარიბაშვილი

 

ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ,- ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგივე უნდა ითქვას გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.

"რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.
2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.
იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს,"- აცხადებს ღარიბაშვილი. 

დღის ამბები