სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავენ. დეპუტატები ელჩისგან ითხოვენ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც რამდენიმე დღის წინ დეგნანს მიხეილ ყაველაშვილმა დაუსვა. მთავარი კითხვაა, იზიარებს თუ არა მათი თქმით, ელჩი ოპოზიციის რიტორიკას ომის დაწყებასთან და მათივე მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ეხება.
პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში ჩნდება კონკრეტული კითხვები.
"როდესაც თქვა ეკა გიგაურმა, რომ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში და საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობების ფანჯარა, ეს ნიშნავს პირდაპირ მოწოდებას ომში ჩართვისკენ.
როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ პრემიერის განცხადება - საქართველო არ უერთდება სანქციებს - არის სამარცხვინო და გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცხელი ბომბები სცვიოდეს საქართველოს თავზე. სახალხო დამცველიც აშშ-ის ელჩის ღია მხარდაჭერით სარგებლობს.
შეიძლება ქართველ ხალხს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პოზიცია, ამ პოზიციას მხარს უჭერს ქალბატონი კელი დეგნანიც. ამ დროს ცხადია ჩვენ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს და თუ არ უჭერს, მაშინ მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია, გაემიჯნოს ამ პოზიციას და ეს იქნება ძალიან სერიოზული სიმშვიდის შემომტანი ქართულ საზოგადოებაში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკულად, იქნება საზომი დასავლური ღირებულებების ქვეყანაში; ეს სჭირდება საზოგადოებას, რომ მათ იცოდნენ, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და ხომ არ არის ის თამაშის მსხვერპლი, თამაშის, რომელიც შესაძლოა, გულისხმობდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას იმ ხელისუფლებით, რომელიც იქნება მორჩილი ყველასა და ყველაფრის მიმართ, რომელიც არ გაითვალისწინებს უმაღლეს რანგში მთავარს – საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესს; ან ხომ არ არის კიდევ უარესი თამაშის ის ნაწილი, როცა დასავლეთი გარკვეულწილად, ვაჭრობს რეგიონში და სცენარის ნაწილი შესალოა, იყოს საქართველოს დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ერთიც და მეორეც მიუღებელია, ამიტომ საზოგადოებამ რომ იცოდეს, პირდაპირი და ჭეშმარიტი სიმართლე და არა თამაშში იკითხოს, რა ბედი ეწიოს მის ქვეყანას, საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.