გლობალური კრიზისით ჩამობნელებულ მსოფლიოში, დღეს, როგორც იქნა გამოჩნდა იმედის სხივი - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანტონიო გუტიერეშმა უკრაინიდან შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი კონსტრუქციული დიალოგისთვის.
"დღეს სტამბოლში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის გავლით, უკრაინული საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველსაყოფად. გლობალური კრიზისით ჩამობნელებულ მსოფლიოში, დღეს როგორც იქნა გამოჩნდა იმედის სხივი. ამ სხივს შეუძლია, ადამიანთა ტანჯვის და შიმშილობის შემსუბუქება. იმედის სხივი რომელიც, განვითარებადი ქვეყნებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად იქნება. ეს იყო პირველი შეხვედრა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ნაბიჯები საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ოფიციალურ შეთანხმებას. ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფრის მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას ჯერ ვერ ვხედავ," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.