საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და კომიტეტის შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე დეპუტატებს კომიტეტის დასკვნის პროექტი გააცნო და ის მიზეზები განმარტა, რაც აღნიშნული დასკვნის მომზადებას დაედო საფუძვლად.
"პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 სხდომა ჩატარდა. აქედან პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ გაცდენილი იქნა 26 მორიგი სხდომა. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, მოამზადებს შესაბამის დასკვნას," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს განუმარტა თუ რა შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენა და აღნიშნა, რომ ლევან ვარშალომიძის მიერ არც ერთი ასეთი მიზეზი წარმოდგენილი არ ყოფილა. მისივე განცხადებით, არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ფრაქციას წარმოუდგენია რაიმე საბუთი ან ცნობა, რაც დეპუტატის მიერ გაცდენილ სხდომებს საპატიოდ ჩათვლიდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ ბოიკოტს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ბოიკოტის საკითხიც რეგლამენტით რეგულირდება და ამ შემთხვევაშიც, არც პარლამენტის წევრს და არც მის ფრაქციას შესაბამისი ცნობა არ წარმოუდგენია.
"„შესაბამისად, დასტურდება რომ პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა არასაპატიო მიზეზით იქნა გაცდენილი. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს, ლევან ვარშალომიძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს და პირველივე პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.