26 დეკემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციების კონკრეტულ მიმართულებებზე პარლამენტში 4 შეხვედრა უკვე გაიმართა -მმართველი პარტია ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

დეპოლარიზაცია, სასამართლო სისტემა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა - ევროკომისიის რეკომენდაციების კონკრეტულ მიმართულებებზე პარლამენტში 4 შეხვედრა უკვე გაიმართა. 12 პუნქტის შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფები მომდევნო დღეებშიც შეიკრიბებიან. პროცესი მმართველი პარტიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა პასუხიმგებლობას "ქართული ოცნება" სხვებსაც უნაწილებს.

პარალელურ პროცესს იწყებენ მმართველი გუნდის ოპონენტებიც - 12 პუნქტის გარშემო გეგმა ჯერ გაწერილი არ აქვთ, თუმცა უკვე განსაზღვრული აქვთ დღის წესრიგი საპარლამენტო სხდომებისთვის. ამაზე კი ისინი პასუხს პრეზიდენტისგან ელოდებიან, რომელმაც რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ოპოზიციის ამ ნაწილისთვის პრიორიტეტად საკონსტიტუციო ცვლილებები რჩება.

თანამშრომლობისკენ და დაწყებულ სამუშაო პროცესში ჩართვისკენ ოპოზიციას მმართველი გუნდი დღესაც მოუწოდებდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული საკითხები სხდომამდე პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა შეჯერდეს. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევას აზრი არ აქვს და ის მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება.

ოპოზიციის მოთხოვნაში პიარული მიზნები ამოიკითხეს მათივე კოლეგებმაც. პარტიები, რომლებიც რიგგარეშე სესიის მოწვევას მხარს არ უჭერენ, ოპოზიციას ხელისუფლებასთან საუბრისკენ მოუწოდებენ, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რასაც დამტკიცებისთვის ჯერ პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება.

კვორუმი რომ რიგგარეშე სხდომას დანიშვნის შემთხვევაში არ ექნება, ამაზე მმართველი პარტიის განცხადებები მიანიშნებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები და დამოკიდებულება პროცესისადმი საბოლოოდ მათ პარტიულ ინტერესებზე მეტყველებს.

დაინიშნება თუ არა რიგგარეშე სხდომა - ეს ახლა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. 12 პუნქტის გარშემო ახლა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გაცხადებული მიზანი ერთია - კანდიდატის სტატუსის მიღება.

დღის ამბები