26 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ მემკვიდრეობით განსაზღვრული ჰონორარების შესახებ დოკუმენტაცია საგამოძიებო მედია პლატფორმას მიაწოდა

"დროას" ლიდერმა დღეს ფოთში ჩატარებულ ბრიფინგზე რუსეთიდან მიღებულ ფინანსების საკითხის შესახებ ბევრი არ ისაუბრა, თქვა მხოლოდ ის, რომ ჩარიცხვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მედია-პლატფორმა "ფაქტ-ჩექს" მიაწოდა. პოლიტიკოსი ამბობს იმასაც, რომ ინტერესი ამ საკითხის მიმართ მმართველი გუნდის წახალისებულია.

ფაქტ-მეტრმა დოკუმენტაცია 13 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია როგორც ნოტარიულად დამოწმებული მემკვიდრეობის დოკუმენტები, ასევე საბანკო ამონაწერები ჩარიცხვებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გოგი ხოშტარიას ანგარიშზე 2022 წელს რუსეთიდან 3 გადმორიცხვა განხორციელდა.

"ქართულ ოცნებაში" მეტ გამჭვირვალობასა და კონკრეტიკას ითხოვენ. ამბობენ, რომ ელენე ხოშტარია სწორედ ის პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთთან შესაძლო ფინანსური და ბიზნესურთიერთობების გამო აკრიტიკებს როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ბიზნესმენებს, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, შესაბამისად, მმართველი პარტია "დროას" ლიდერისგან მეტ საჯაროობას და ღიაობას ელის.

ელენე ხოშტარიას ფინანსურ ტრანზაქციებზე შეფასებები ოპოზიციაში დღესაც გაკეთდა, რომლის ნაწილიც ფიქრობს, რომ ამ ფორმით "ქართული ოცნება" "დროას" ლიდერის დისკრედიტაციას ცდილობს.

განსხვავებულია მეორე ნაწილის პოზიცია - "გირჩში" მიიჩნევენ, რომ ელენე ხოშტარიას რისკები საკითხის გარშემო თავიდანვე უნდა გაეთვალა და ამაზე საჯაროდ თავადვე ესაუბრა.

"დროას" ლიდერის მოსკოვიდან მიღებული თანხები ორმაგი სტანდარტის მტკიცებულებაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლების თქმით, მაშინ, როცა თავად ნებისმიერი ადამიანის დასანქცირებას ითხოვ, ვისაც შესაძლოა რუსულ ფინანსებთან კავშირი ჰქონდეს - უხერხულია ჰონორარს რუსეთიდან იღებდე.

ინფორმაცია "დროას" დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან სოლიდური თანხების ჩარიცხვის შესახებ, ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. მას შემდეგ მმართველმა გუნდმა არაერთხელ მოუწოდა ოპონენტს გაესაჯაროვებინა ოფიციალური დოკუმენტები.

დღის ამბები