27 დეკემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადება და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და პირდაპირ საუბრობს ამერიკის მხრიდან ზეწოლაზე - ჩხიკვაძემ განცხადება რუსთავი ორს მიაწოდა.

"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა." წერს მოსამართლე. მისი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ლაშა ჩხიკვაძის ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომელმა მას შეატყობინა, რომ ის ამოღებული იყო იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში მიემგზავრებოდნენ. მოსამართლე ამბობს, რომ ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება და თვლის, რომ მის კოლეგებსაც მოუწევთ საქმის განხილვა ზეწოლის ქვეშ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ჩხიკვაძე არის პირველი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში. 

"ჩვენ გავიგეთ, რომ ეს მოსამართლე გადაწყვეტილებას ღებულობს პოლიტიკურად და ეს მოსამართლე არის სანქცირებული. ეს მოსამართლე არის პირველი მერცხალი სანქცირებულთა სიაში, უფრო სწორედ პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში. ინფორმაციის მიღება არის საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ლეგალურია",- აცხადებს რომან გოცირიძე. 

მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ აშშ-ს საელჩოსგან ახსნა - განმარტება საჭიროა. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ყველამ პატივი უნდა სცეს. 

"ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რაც ახლა მოვისმინეთ იმიტომ, რომ მოსამართლეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულ, მით უფრო სანქციების ფორმა რატომ აირჩია ეს და არა სხვა, ეს არის პირდაპირი ჩარევა. ასევე ევროპარლამენტარის განცხადება გვარამიასთან დაკავშრებით, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს პირდაპირ მოუწოდა, რომ გაამართლოს გვარამია. საინტერესოა თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს ასე და თავისი ქვეყნის მოსამართლე თუ ეტყვის როგორი გადაწყვეტილება მიიღოს? ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს რასაც ქვია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა"- აცხადებს მაჭარაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეზე ნებისმიერი სახის ზეწოლა დაუშვებელია. 

"ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი ზეწოლა სასამართლოზე და მოსამართლეზე არის დაუშვებელი. აშშ-ს საელჩომ უნდა გააკეთოს შესაბამისი განმარტება დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია,"- რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები