27 დეკემბერი 2024,   04:22
ვრცლად
დეგნანის მეორე პასუხი ოცნებიდან წასულებს - ელჩი სამეულს კვლავ ეუბნება, რომ აშშ-ს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა, რა პასუხი აქვთ დეპუტატებს მის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს ”ქართული ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს უპასუხა. კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაშინგტონი საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად წლებია მუშაობს და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. ამერიკელ დიპლომატს მედიამ ის კითხვები დაუსვა, რომლებზე პასუხსაც ელჩს მმართველი პარტიის ყოფილი წევრები სთხოვდნენ, "ოცნებიდან" წასული დეპუტატები კელი დეგნანს იმ განცხადებებისგან გამიჯვნისკენაც მოუწოდებდნენ, სადაც, მათივე თქმით, ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილი ქვეყნის ომში ჩართვაზე საუბრობენ. ელჩმა პარლამენტის წევრებს ურჩია, ძალები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართონ.

წერილის ავტორებს კელი დეგნანისგან კონკრეტიკა დააკლდათ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კონკრეტულ შეკითხვებზე ირიბი პასუხები საკითხს უფრო ბუნდოვანს ხდის.

ვერც ელჩის პასუხში და ვერც ყოფილი თანაგუნდელების კითხვებში პრობლემას ვერ ხედავენ მმართველ პარტიაში. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმით დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მიუღებელია.

"ოცნებიდან" წასული პარტიის ყოფილი წევრები მოწოდებას უცვლელს ტოვებენ და ამერიკის ელჩისგან მკაფიო პასუხს კვლავ ელოდებიან.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტიიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს. კრიტიკა, ძირითადად, იმ პროცესებს და გეგმებს ეხება, რომელიც, მათი თქმით, საქართველოში არეულობისა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას ემსახურება.

დღის ამბები