27 დეკემბერი 2024,   05:02
ვრცლად
"ქართული ოცნება" შოუში მონაწილეობას არ აპირებს - ანრი ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება"შოუში მონაწილეობას არ აპირებს". ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს.

"საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე და ასევე დეპოლარიზაციაზე, არის ინსტრუმენტი, რომ ეს საკითხები, რომელიც ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე, ის უწყობს ახლა ხელს, რომ ამის ყველაფრის მიუხედავად პოლიტიკური სახე მიიღოს ამ ყველაფერმა და პოლიტიკური ტრიბუნა მიეცეთ მხარეებს, რომ კიდევ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. "ქართული ოცნების" გუნდი არ აპირებს ამ შოუში მონაწილეობას, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ პუნქტზე," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწვეტილებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი. 

"საკითხები ჯერ განიხილება კომიტეტის სხდომაზე და ამის შემდგომ უნდა განიხილოს სესიამ ეს საკითხები. ამათმა პირიქით წაიკითხეს რეგლამენტში ეს წესი და პირიქით დაიწყეს მოქმედება. საკითხი არ არსებობს, რომელსაც ჰქონდეს გავლილი კომიტეტის სხდომა და ახლა საჭირო იყოს სესიის მოწვევა.

როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ერთიანად უნდა მოვახდინოთ ევროკავშირის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება, არ საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია არ დადის კომიტეტის სხდომებზე და არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც დადო ევროკავშირმა. პირიქით, იმყოფება საბოტაჟის რეჟიმში და ახლა საბოტაჟის რეჟიმში ყოფნას ჩვენ ხელს ვერ შევუწყობთ," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში შევიდა.

დღის ამბები