15 ნოემბერი 2024,   13:01
ვრცლად
სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ სამშობლო დაიცვას - ვასილ მაღლაფერიძე

რა ფასი აქვს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც გარედან ეტყვიან, არაფერი დაგიშავებია, მაგრამ თუ შენი სამშობლო გიყვარს, უნდა წახვიდეო?! სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ სამშობლო დაიცვას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ  განაცხადა.

მაღლაფერიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას.

"ამის წინათ, ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, მგონი ევროპარლამენტარმა, განაცხადა, თუ ივანიშვილს ქვეყანა უყვარს და პატრიოტია, უნდა წავიდეს, გაქრეს ამ ქვეყნიდანო. რომ ეთქვა, ცუდი ადამიანია ივანიშვილი, ქვეყანა დაანგრია და უნდა წავიდესო, კიდევ გავიგებდი, სიტყვის თავისუფლებაა და ამბობს, რასაც უნდა. ეს კი ისეთი ნათქვამია, ციხეს რომ შემოარტყამენ ალყას და ულტიმატუმს წაუყენებენ. მეგობრები ასე არ საუბრობენ. ლეო ქიაჩელის რომანშია, გემი რომ მიადგა ქალაქს და ზარბაზნის ლულები მიუშვირა, უჯუშ ემხა გადმოგვეცით, თორემ ქალაქს დავანგრევთო. ასეთმა დამოკიდებულებამ შემზარა. რა ფასი აქვს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც გარედან ეტყვიან, არაფერი დაგიშავებია, მაგრამ თუ შენი სამშობლო გიყვარს, უნდა წახვიდეო?! სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ სამშობლო დაიცვას. რომ თქვას იმ ადამიანმა, კარგი ბატონო, მე როგორც პატრიოტი წავალ ქვეყნიდანო, მერე ჩვენ როგორ ვიცხოვროთ და როგორი სახელმწიფო შეგვრჩება?! აღარც დამოუკიდებლობა გვექნება, აღარც თავმოყვარეობა და ხვალ-ზეგ თითოეულ ჩვენგანსაც ასე მოგვექცევიან," - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა, რომ "ივანიშვილი თუ თავს პატრიოტად თვლის და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და შესაძლოა, ფიზიკურადაც წავიდეს ქვეყნიდან".

დღის ამბები