27 დეკემბერი 2024,   02:17
ვრცლად
გარდაცვლილები, დაშავებულები და უსახლკაროდ დარჩენილები - ევროპა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

ევროპა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის: პორტუგალია, ესპანეთი,საფრანგეთი,ხორვატია - ამ ქვეყნების ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული. ათასობით მეხანძრე მაშველი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ამ წუთებშიც იბრძვის, თუმცა ევროპაში ხანძრების ქრობას მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, მოსახლეობა სტიქიის ზონებიდან გაჰყავთ.

3000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს ცეცხლის კერებთან გამკლავებას პორტუგალიაში. მათგან ერთი, ხანძართან ბრძოლის დროს დაიღუპა. გარდაცვლილი მეხანძრე პილოტი იყო, რომლის თვითმფრინავიც ქვეყნის ჩრილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის ჩაქრობის მცდელობის დროს ჩამოვარდა. დაშავდა 160-ზე მეტი ადამიანი, ასობით პირს კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის გამო, 660 ადამიანი დაიღუპა. 

მაღალ ტემპერატურას ესპანეთში ბოლო კვირის განმავლობაში 360 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი სიცხის გამო, ხანძარი გაჩნდა მალაგას პროვინციაში. 3000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია, ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა ექსტრამადურას რეგიონში - სტიქიის ზონებში მეხანძრეები არიან მობილიზებული.

რთული ვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც ათასზე მეტი მეხანძრე რამდენიმე დღეა ცეცხლის კერების შემცირებას ვერ ახერხებს. სტიქიასთან საბრძოლველად, მათ საბერძნეთიდან თვითმფრინავები გაუგზავნეს. ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ რეგიონიდან 14 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ამ დროისთვის თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.

7 სოფლის ევაკუაცია განხორციელდა საბერძნეთში, ხანძრები ათენიდან 50 კილომეტრის რადიუსში მძვინვარებს, იწვის კუნძულ კრეტას ჩრდილოეთ სანაპირო. ასობით მეხანძრეს ცეცხლის კერებთან გამკლავებაში 5 ვერტმფრენი ეხმარება. ქვეყნის ხელისუფლება ამ დროისთვის ზარალის ზუსტ ოდენობას ვერ ასახელებს.

კვამლშია გახვეული ხორვატიის სანაპირო ქალაქებიც. სტიქიასთან რბძოლას ძლიერი ქარი აფერხებს - დამწვარია სახლები, ფერმები და ზეთისხილის ბაღები, მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის თავს თავშესაფარს აფარებს.

ერთი სოფელი სრულად განადგურდა ხანძრის შედეგად მაროკოში, არის პირველი მსხვერპლიც. რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, განადგურებლია 1600 ჰექტარი ტყის მასივი. ქვეყნებში მასშტაბური ხანძრების გაჩენის მიზეზად, ძლიერი სიცხე სახელდება, რაც გლობალური დათბობით არის განპირობებული.

დღის ამბები