ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომედაციების ფარგლებში პარლამენტში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ. განიხილეს ამ მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმები.
"12-პუნქტიან გეგმაში საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაზე, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ამ სამსახურების ინსტიტუციურ, შემდგომ განვითარებაზე.
ამიტომ, ამ მიზნით ჩვენ ვიკრიბებით დღეს ამ ორივე სამსახურის ხელმძღვანელთან, როგორ წარმოუდგენიათ მათ, მათი სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური განვითარება. ამის შემდგომ, ჩვენ უკვე გაფართოებულ ფორმატში ვიმსჯელებთ, იმ შემოთავაზებებზე, რომელიც ექნებათ ამ სამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე, გვექნება ჩვენ და შესაძლებელია, ასევე, ჰქონდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც აღნიშნულ სამსახურს ინსტიტუციურად გააძლიერებს.
"ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რესურსის გაძლიერება და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ საკითხებზე სამსჯელოდ, დღეს კომიტეტის თავმჯდომარეებთან გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ემსახურება ამ სამსახურის გაძლიერებას. ჩვენ დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექნება თავისი მოსაზრებები და წინადადებები, თუ როგორ ხედავს სამსახურის გაძლიერებას და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას,"- აცხადებს კოკა კაციტაძე.