15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ეს არის არა ერთი სესიის, არამედ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება - პაატა მანჯგალაძე

ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატებმა რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მხარეების პოზიციები უცვლელია. ოპოზიცია უმრავლესობას ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდით ეცდება, რომ სხდომა არ შედგეს.

"საბოტაჟი არის ის, როდესაც შეკრებები შეკრებისთვის იმართება და არა საქმისთვის. ეს არის კონკრეტული საქმე, აქ არის საუბარი კონკრეტულ კანონებზე, კანონპროექტებზე, რომელიც უკვე პარლამენტში არის წარდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი კანონპროექტი, მთავარი, საკონსტიტუციო კანონი, რომელიც შეეხება ქვეყანაში რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სწორედ ეს არის ამ 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. რაღაც მიზეზს მოიდებენ ალბათ და იტყვიან, რომ ხვალ სხდომა არ გაიმართება, ან კვორუმს არ შეგვიქმნიან, კარებს ჩაგვირაზავენ და არ შეგვიშვებენ შიგნით, როგორც წინა რიგგარეშე სესიის დროს იყო და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია ამისთვის მოსალოდნელი," - აცხადებს ბოტკოველი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ამ პლენარული სხდომის ბოიკოტირება "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება არა ერთი სესიის, არამედ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი.

"უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე ან ბიუროზე ამ პლენარულ სხდომაზე არ მოვლენ ეს არ არის ერთი სესიის ბოიკოტირება და საბოტაჟი, ეს არის პირდაპირ, ასე უნდა განვიხილოთ, ევროპაში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება. ჩვენ არ წავალთ არდადეგებზე, გავაგრძელებთ მუშაობას ფორმატებში და მოვამზადებთ პაკეტებს, ყველა იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპელებმა მოგვცეს ჩვენ - ევროპაში ინტეგრაციისთვის საჭირო პირობად. ამიტომ, ჩვენ სექტემბერში დავაინიცირებთ 12-ივე საკითხზე შესაბამის საკანონმდებლო პაკეტებს, აი ეს იქნება ჩვენი პასუხი "ქართული ოცნებისთვის", თუ ისინი მოახდენენ ბოიკოტირებას და საბოტაჟირებას პლენარული სხდომის," - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები