27 დეკემბერი 2024,   01:41
ვრცლად
იურიდიული ფირმა MKD, რომელიც "კრედიტ სუისთან" ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ საკითხის გაშუქებისგან შვეიცარიული მედია თავს იკავებს

მორიგ განცხადებას ავრცელებს იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს. ივანიშვილის ინტერესების დამცველები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ "კრედიტ სუისის" მიერ უფლებების უხეშ დარღვევას, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შვეიცარულ მედიას, თუმცა ხსენებული ფაქტებით არცერთი გამოცემა არ დაინტერესდა.

"ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. მიუხედავად ამ მზაობისა და მედია თავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას, ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები