27 დეკემბერი 2024,   01:30
ვრცლად
რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები ისევ მკაცრდება - რაზე შეთანხმდნენ ევროპის პირველი დიპლომატები

რუსეთისთვის ხანგრძლივი ვადით მძიმე ეკონიმიკური ზიანის მიყენება - ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარი ამოცანაა. დღეს ბრიუსელში 27 სახელმწიფოს პირველმა დიპლომატებმა სანქციების უკვე არსებული მეექვსე პაკეტის გაძლიერებაზე იმსჯელეს. როგორც ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, შეზღუდვების სიას ახალი სახელები და აკრძალვები დაემატება, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესებაა.

დახურულ კარს მიღმა დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავ უკრაინა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიდეოფორმატში დმიტრო კულება ჩაერთო და უკრაინაში განვითრებული მოვლენებზე დიპლომატებს სიახლეები გააცნო. ლიდერები მსჯელობენ, თუ როგორ დაეხმარონ უფრო მეტად ქვეყანას და გაზარდონ მათი სამხედრო დახმარება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიევი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რაც დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.

რუსეთი მარცვლეულსა და ენერგორესურსებს იარაღად რომ იყენებს, ეს კიდევ ერთხელ შეახსენა ჟოზეფ ბორელმა იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ევროკომისარის თქმით, დასავლეთმა სტრატეგიული მოთმინება და მედეგობა უნდა გამოიჩინოს.

რუსეთის მიმართ ახალ პოლიტიკაზე საუბარი იქნება პრაღაშიც. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩეხეთი, ახალ ხედვას არაფორმალურ შეხვედრაზე აგვისტოს ბოლოს წარმოადგენს, სადაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინაც იქნებიან მიწვეული.

რამდენად გაძლიერდება ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი და ვინ დაემატება ე.წ. შავ სიას, ჯერჯერობით უცნობია. ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები