„ეს დავა მხოლოდ სამართალს არ ეხება, არამედ ბევრი სხვა ჩაშლა აქვს. დავა გაშუქების დეფიციტს არ განიცდიდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა იყო, რომ ამ დავასთან დაკავშირებით ყურადღება მიგვეპყრო შვეიცარიის საზოგადოების, კერძოდ კანონმდებლის და რეგულატორის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა.
ვიქტორ ყიფიანის თქმით, გასაკვირია, რომ მასალა შვეიცარიულმა მედიამ არ გააშუქა და აქ შესაძლოა იყოს უფრო მეტი ინტერესი, ვიდრე კომერციული ინტერესია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, როგორც თავად ამბობს, სახელდებისგან თავს იკავებს.
"ჩვენ ძალიან მაღალპროფილურ დავას ვაწარმოებთ და ეს დავა მხოლოდ სამართალს არ ეხება, არამედ ბევრი სხვა ჩაშლა აქვს. დავა გაშუქების დეფიციტს არ განიცდიდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა იყო, რომ ამ დავასთან დაკავშირებით ყურადღება მიგვეპყრო შვეიცარიის საზოგადოების და კერძოდ კანონმდებლისა და რეგულატორის, რომ რომელიც არა მარტო სისტემური ბანკი არის, არამედ არის შვეიცარიის სახელმწიფოს სახე, მისი საბანკო და საფინანსო ელჩი, რომ ერთგვარად თანამონაწილედ შევსულიყავით “Credit Suisse” - თან დაკავშირებული პრობლემის განხილვაში. სწორედ ასეთი კუთხით იქნა ჩვენი მასალა აწეული და ასეთი კუთხით გვინდოდა, რომ შესული შვეიცარიულ მედიასივრცეში. ჩვენთვის ორმაგად გასაკვირია, რომ ამ კუთხით შესულმა მასალამ ჰპოვა ოპონირება, ჩვენ წავაწყდით გარკვეულ დაბრკოლებებსა და დღესაც ამ მასალამ გაშუქება ვერ ჰპოვა და დღესაც არ ვიცით, როგორ მიეცემა მას მსვლელობა და მიეცემა თუ არა საერთოდ. აქ შესაძლოა უფრო მეტი ინტერესი იყოს ან უფრო მეტი საფუძველი იყოს, ვიდრე კომერციული, მაგრამ ამის გაშიფრვა და წაკითხვა ზოგადად მსმენელისთვის მიგვინდია, ჩვენ ჯერჯერობით, კონკრეტული სახელდებისგან თავს ვიკავებთ," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავაში, იურიდიული ფირმა "ემ-ქეი-დი“ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის ინტერესების დამცველები , კიდევ ერთხელ ხაზგასმით საუბრობენ "კრედიტ სუისის" მიერ უფლებების უხეში დარღვევაზე, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შვეიცარიულ მედიას მიაწოდეს, თუმცა ხსენებული ფაქტებით არცერთი გამოცემა არ დაინტერესდა.