საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც სოსო გოგაშვილს წარედგინა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანამდებობა ეკავა მას, მძიმეა.
პაპუაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილის გამდიდრებასთან და მის ქონებასთან დაკავშირებით თუკი რამეა გასარკვევი, საგამოძიებო უწყება დაადგენს.
"მე არ ვიცნობ მის ქონებრივ მდგომარეობას, არც დავინტერესებულვარ. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით. თუ რაიმე გასარკვევია - გაარკვევენ. ეს არის შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია, რომ ეს ფაქტი გამოიკვლიონ. თავისთავად, ის ბრალდება, რომელიც წარედგინა, რა თქმა უნდა, მძიმეა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანამდებობა ეკავა ამ ადამიანს. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვნახოთ, გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს," - განაცხადა პაპუაშვილმა.