დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა, ვინაიდან ამბობენ, რომ ამ ქვეყანას არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, არამედ ეს ხელისუფლება არის თითქოსდა ფასადი და ვიღაცის დიქტატის ქვეშ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სწორედ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური განმარტებების მიღებას ემსახურება.
"ამ წერილის მთავარი შინაარსი მე მგონი ცოტა არასწორად ესმით. ამ წერილის შინაარსი არის შემდეგი - როდესაც საუბარი არის ოლიგარქიზაციაზე, აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვისზე საუბრობენ, როგორც ოლიგარქი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვისზე საუბრობენ, როგორც ხელისუფლებაზე.
როდესაც ამ ქვეყანას არჩეული პარლამენტი ჰყავს, პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, როდესაც ამ ტერმინს ამ კონტექსტში ვინმე იყენებს, "ქართულ ოცნებას" მიემართება. ყველა, ვინც ამ ტერმინს იყენებს, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სინამდვილეში ხელისუფლებას კი არა, არამედ სხვის კარნახს ახორციელებს ანუ, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე კი არ ვიღებ გადაწყვეტილებას, არამედ ვიღაცის კარნახით ვმოქმედებ და მე ვარ მხოლოდ ფასადი, რომ პრემიერ-მინისტრი თავად კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ის არის ფასადი.
აი, ამისი მტკიცება უნდათ ხოლმე იმ ინტერპრეტატორებს, რომლებიც ამ ტერმინს ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებენ და თუკი ეს არის ინტერპრეტაცია, მაშინ ეს გულისხმობს, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართული, ფასადი, იმიტაცია, ან რამე სხვა ეძახოს. აქედან გამომდინარე, ამ ტერმინის განმარტება მნიშვნელოვანია და მათ შორის, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისაგან ამ ტერმინის არაკეთილსინდისიერი განმარტებისგან გამიჯვნაც მნიშვნელოვანია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.