თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. თავდაპირველად ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან შეხვედრა.
მმართველი გუნდის განცხადებით, ხელისუფლება მომზადებული ხვდება ევროდეპუტატებს, ასევე მათ აქვთ შემუშავებული გეგმა კონკრეტული სამუშაო ჯგუფებით და კონკრეტული ვადებით.
"მმართველი გუნდი მომზადებული ხვდება ამ შეხვედრას, რადგან ჩვენს გვაქვს გაწერილი გეგმა თავისი პასუხისმგებელი კომიტეტებით, სამუშაო ჯგუფებით, კონკრეტული ვადებით თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი კანონპროექტების დაინიცირება, მიღება და რა ვადაში ვაპირებთ ჩვენ ამ პროცესიის ბოლომდე მიყვანას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოდგომო სესიის განმავლობაში მმართველი გუნდი აპირებს, რომ 12-ვე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ამოვწუროთ, განვახორციელოთ, შევასრულოთ და წარვუდგინოთ ეს მიღებული შედეგები ევროკომისიას შემდგომი შეფასებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩართულია ამ პროცესში, თუმცა ოპოზიციის რადიკალური ფრთა ემიჯნება ამ პროცესს, რითაც ფაქტობრივად საბოტაჟს უცხადებს ევროკომისიის მიერ დადგენილ გეგმას, რომლითაც ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება, ასევე რეზოლუციაში არსებულ გაუგებრობაზე იქნება შეხვედრაზე კითხვები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მეგობრულ ურთიერთობებს გაუგებრობები არ უჩენდეს ბზარს, მისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პირდაპირი კომუნიკაცია.
ევროდეპუტატებთან შესახვედრად ემზადება ოპოზიციაც. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევრომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება.