კიევში სოსო გოგაშვილისა და გია ლორთქიფანიძის შესაძლო საიდუმლო შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. პოლიტიკოსების თქმით, აღნიშნული საკითხით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.
"ეს უნდა დაადასტუროს გამოძიებამ. დაკავებულია ადამიანი და ახლა მე ამ კონსპირაციების თეორიაში და სპეკულაციაში ვერ შევალ. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ეს ფაქტი ნამდვილად ასეა, რომ ვიღაცა ვიღაცასთან ვაჭრობს, ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე. ერთი ადამიანი კი არაა, ეს ყოფილა სისტემური," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
"ეს უმძიმესი დანაშაულია და კითხვები თუკი არსებობს ამასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს არსებობს, რადგან უმიზეზოდ არ იბადება ასეთი კითხვები, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება პასუხების გაცემა. ამას სჭირდება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სრულფასოვნად გარკვევა და ამის საფუძველზე კონკრეტული სამართლებრივი რეზულტატების დაყენება," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
"კურიერის" ინფორმაციით, სოსო გოგაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის 2018 წელს სავარაუდოდ საიდუმლო შეხვედრა შედგა, რის მერეც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავის სახელზე სასტუმრო "ხირსა" გადააფორმეს.