15 ნოემბერი 2024,   13:05
ვრცლად
მე ვიცი, წერეთელმა რა ჩასჩურჩულა ანრი ოხანაშვილს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში მან თქვა ტყუილი - ირაკლი კობახიძე

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვატო წერეთლის განცხადებას, მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვატო წერეთელს მოუწია თავდაპირველი ვერსიის გადათქმა, თუმცა სიმართლე არც მეორე შემთხვევაში თქვა. 

როგორც კობახიძე აცხადებს, მან იცის, რა ჩასჩურჩულა ანრი ოხანაშვილს ვატო წერეთელმა.

"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მან თქვა ტყუილი. მეორე ტყუილი პირველისგან განსხვავებული იყო. პირველი - მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც უარყოფდა თავიდან, შემდეგ კი მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ, მოუწია მას პირველი ტყუილის გადათქმა, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც თქვა ტყუილი, საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი, იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში, ანრი ოხანაშვილმა მას გასცა პასუხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, წერეთელმა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ თქვა, რომ ყურში გადაჩურჩულება ლაშქარავას გარდაცვალების თემას უკავშირდებოდა.

"ოხანაშვილს ვუთხარი ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეა-თქო". - განაცხადა ვატო წერეთელმა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ვატო წერეთელი თავდაპირველად ამბობდა, რომ ანრი ოხანაშვილი მასთან მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა, ახლა კი წერეთელმა ამ განცხადებით ანრი ოხანაშვილის ვერსია დაადასტურა.

დღის ამბები