ევროპარლამენტარების ვიზიტი დღეს სრულდება, შესაბამისად, მხარეების მხრიდან შეფასებები ამ ვიზიტისა და შეხვედრების შესახებ უკვე კეთდება.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოში ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ მათ ყველა რელევანტურ პოლიტიკოსს მოუწოდეს, გადადონ პარტიული ინტერესები და იმუშაონ ძირითად საკითხებზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 პირობა.
"კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა ისმის კითხვა, როდის მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და ბევრი დავალებაა შესასრულებელი, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა რელევანტურ პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში, მთავრობასა და ოპოზიციას, რომ გადადონ პარტიული ინტერესები და იმუშაონ ძირითად საკითხებზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 პირობა. წლის ბოლომდე გვაქვს დრო და გვქონდა ძალიან კარგი დიალოგი გუშინ პარლამენტში მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან. დღეს განვაგრძობთ შეხვედრებს პრემიერთან დ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარესთან და გვიხარია, რომ მოვისმენთ რა კეთდება იმისათვის, რომ ის პირობები იქნას შესრულებული, რომელიც ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ არის ფორმულირებული," - აღნიშნავს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს აფასებენ მმართველ გუნდშიც და აღნიშნავენ, რომ მათი ვიზიტი ძალიან დადებითი იყო.
"ჩვენ გვქონდა მათთან საკმაოდ ღია, გულწრფელი საუბარი და ჩვენი როგორც იმედგაცრუება ასევე შეშფოთება მათ გადავეცით. მათ საკმაოდ ადეკვატურად მიიღეს განსაკუთრებით ეს ევროპარლამენტარების განცხადებები და უხეში ჩარევის ფორმები ქვეყნის შიდა საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, მე შემიძლია ძალიან დადებითად შევაფასო ეს ვიზიტი. ასევე, მათი მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა ჩაერთოს სამუშაო პროცესში, რომ მაქსიმალური პროგრესი ვაჩვენოთ ამ ქუნქტების შესრულების მიმართულებით,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.