26 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედგაცრუებულია, რომ ჩვენ კონფლიქტში არ ჩავერთეთ პირდაპირ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობებით - მმართველი გუნდი კასიანოვის განცხადებაზე

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ უკრაინისთვის საქართველოს მხრიდან გასაწევ დახმარებაზე უფრო დიდი მოლოდინი არსებობდა, უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ეს არის ღია მოწოდება საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედგაცრუებულია, რადგან საქართველო კონფლიქტში სამხედრო გზით არ ჩაერთო.

"პირდაპირი მოწოდება იყო, თქვენც გაეცანით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედგაცრუებლია, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ პირდაპირ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობებით ამ კონფლიქტში და ამაზე მრავალჯერ ითქვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ომში და უბედურებაში ჩვენი სამხედრო შესაძლებლობებით ჩართვას. რატომ არ ვაპირებთ? იმიტომ, რომ ეს მოუტანს ქვეყანას განადგურებას, ჩვენ სამხედრო ძალების გამოყენების გზით საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებას არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ," - თქვა ცაგარეიშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველო უკრაინის გულშემატკივარია, თუმცა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება და ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ - ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნებები იყო, პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო, აქაც დანგრეული ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები, გარდაცვლილი ადამიანები, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს კალაძე.

დღის ამბები