26 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
არ შეიძლება, რომ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს - სალომე ზურაბიშვილი

რამდენად მიზანშეწონილი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად "ქართული ოცნების" მისამართით მწვავე გზავნილების გაკეთება და ხომ არ შეუწყობს ეს ხელს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვას სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტარებთან ერთად გაკეთებული განცხადება არა პოლარიზაციის გაღრმავება, არამედ საქართველოს რეპუტაციის დაცვა იყო:

"პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მე მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული.

არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება," – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად სრული სიჩუმეა რუსეთის მიმართ:

"ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე. დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?"– აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები