15 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
ჩაერთვება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში - პოლიტიკოსების შეფასებები

შესაძლოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის, ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს. განცხადება ლევან ბეჟაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, ასევე იგეგმება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც კონსულტაციებიც.

"ჩვენი პოზიცია ამ დრომდე იგივეა - ჩვენ ვხედავთ, რომ კომისია შეიქმნა იმისათვის, რომ  დრო იყოს გაყვანილი. ჩვენი მხრიდან მომზადებულია ცვლილებები თუ "ქართულ ოცნებას" უნდა ამ ცვლილებების გაზიარება, მზად ვართ დავჯდეთ და ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ "ქართულ ოცნება" პირდაპირ ვუთხარით, თქვენ მოამზადეთ ცვლილებები, შეასრულეთ ეს 12 პუნქტი და ჩვენ შემოვალთ პარლამენტში, მხარს დავუჭერთ. ასე რუტინულ და არაფრის მომცემ კომისიებში მონაწილეობისგან, დღეს თავს შევიკავებთ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ ვერ ჩაერთვება იმ ჯგუფთან მუშაობაში, რომელიც რეალურად არ ისწრაფვის ევროინტეგრაციისთვის. 

"საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვინ რომელ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, მთავარია შედეგი. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული პარტია, თან ვართ თანმიმდევრულები. მარტივ რამეს ვეტყვი იმ ადამიანებს ვინც "ქართულ ოცნებასთან" ამ პროცესის გაგრძელებას ფიქრობს - ადამიანს, რომ  გაჰყვე რაღაც პროცესშიმ მინიმუმ დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ ისიც იქ მოდის, სადაც შენ მიდიხარ. "ქართული ოცნება" არ მიდის ევროპაში, შესაბამისად ამ პროცესში მონაწილეობას ჩვენ ვერ ვიღებთ,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

სახის შენარჩუნებისთვის გზების ძიება, ასე ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ჯგუფებში შესაძლო ჩართულობის გადაწყვეტილებას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა. პარალელურად ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა იწყება. მთავარი თემა რეკომენდაციების შესრულება და სამომავლო გეგმები იქნება.

დღის ამბები