22 დეკემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება - რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს შსს-ის კანონპროექტი საგზაო უსაფრთხოებაზე​

ე.წ. დრიფტაობა დასჯადი გახდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ე.წ. დრიფტზე, ანუ ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალებაზე დაწესდება 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობას 30 ქულა ჩამოაკლდება. ამის შესახებ განცხადება შსს-მ დღეს გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელი გარემოება იქნება, თუ “დრიფტს” ზიანიც მოჰყვება. ამ შემთხვევაში მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობას კი 35 ქულა ჩამოაკლდება.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, სამინისტრო კონტროლის გამკაცრება სურს სხვა სატრანსრპორტო დარღვევებზეც. კერძოდ:

დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.

შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.

 სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.

გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები. ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

 

დღის ამბები