22 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან მეორე დღეს რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - ეს პორტი ერთ-ერთია, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით უნდა განიბლოკოს

უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გაფორმებულია. რუსეთი-თურქეთი-უკრაინა - ხელმომწერი ეს სამი ქვეყანაა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ასევე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

შეთანხმების მიხედვით, კრემლი ვალდებულებას იღებს პორტებში გაჩერებული ტვირთი არ დაბომბოს, უკრაინული მხარე კი ექსპორტს უზრუნველყოფს. თუმცა, შეთანხმებიდან მეორე დღეს რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოდესის პორტი ერთ-ერთია, რომელიც ამ ხელშეკრულების მიხედვით უნდა განიბლოკოს.

"რუსული დელეგაციის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა შეგვენარჩუნებინა შეთანხმების პაკეტის ყოვლისმომცველი და დეპოლიტიზირებული ბუნება. ამ გზით, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია სურსათის იმპორტი განვითარებადი ქვეყნების მიმართულებით. რუსეთი ერთგული რჩება მისი ვალდებულებების აღსრულებისადმი. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ საკვების გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მიუღებელი და არა ადამიანურია. სასიამოვნოა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეწყვიტეს ხელის შეშლა შეთანხმების მიღწევის პროცესში. რუსეთ-გაეროს მემორანდუმის ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად ხელოვნურად ხდებოდა დასავლეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მიწოდების პრობლემის რუსეთზე გადაბრალება. ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმების განსახორციელებლად, უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ძალისხმევა განხორციელდება," - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის მიმართ ნდობა არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ თუ რუსეთი შეასრულებს ამ შეთანხმებას, ექსპორტი შეიძლება რამდენიმე დღეში ან კვირაში დაიწყოს.

"არ ვთვლი, რომ ამ გარიგების გამო შამპანურის ბოთლი უნდა გავხსნათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის ფართო ჩარჩო-შეთანხმება და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის და როგორ იფუნქციონირებს ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი. შეთანხმება შედგა, თუმცა ჯერჯერობით, არ ვიცით, შესრულდება თუ არა. იმედი მაქვს, რომ ის შესრულდება, თუმცა რუსეთთან შეთანხმების გამოცდილება უკვე გვაქვს, მათ შორის მინსკის, 2014-15 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. ფრთხილი ვარ ამ საკითხის მიმართ, რადგან რუსეთის მიმართ ნდობა არ მაქვს. თუ რუსეთი შეასრულებს ამ შეთანხმებას, ექსპორტი შეიძლება რამდენიმე დღეში ან კვირაში დაიწყოს," - ამბობს დმიტრო კულება.

დღის ამბები