06 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 70 წლის ქალს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობაში ბრალდებულ 70 წლის ქალს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის შიდა ქართლში გუშინ დააკავეს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელა. სოფელ კარბში მეზობლებს შორის კონფლიქტი სარწყავი არხის გამო დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა, 33 წლის მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა.

ბრალდებულმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

პროკურორი ოთარ დოხნაძე აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის პასუხიც ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

"ბრალდებულის მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მიმალვის საფრთხე, შესაბამისად სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ გამოიყენა პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, დღეის მდგომარეობით ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს მიღებული, საქმეზე გრძელდება გამოძიება, მაქსიმალური ვადა იქნა ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, რომ ამ ვადაში მტკიცებულებები იქნეს მოპოვებული. დღეის მდგომარეობით, იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ბრალის შესახებ დადგენილება, თუმცა, როგორც უკვე განგიმარტეთ გრძელდება გამოძიება და თუკი რომელიმე პირის მიმართ გამოკვეთილი იქნება დანაშაულის ნიშნები, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებლივი რეაგირება მოხდება," - თქვა დოხნაძემ.

დღის ამბები