ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი მმართველ გუნდს მიმართავენ, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა. ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის ერთობლივ განცხადებას, გამოხმაურებები უკვე მოჰყვა მმართველ გუნდში.
პოლიტიკური სპეკულაცია - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებას.
"ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, თავის თავსვე უნდა აძლევდეს აცილებას იმ საკითხის განხილვისას, სადაც თვითონ მყარი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული განხილვამდე დიდი ხნით ადრე. სასამართლო რა გადაწყვეტილება მიიღებს არავინ არ იცის. კანონი მისაღებია თუ მიუღებელი, სტანდარტებს შეესაბამება თუ არ შეესაბამება, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იმ მოსამართლემ, რომელსაც წინასწარ არ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. ეს იმდენად ლოგიკურია, რომ ვფიქრობ მაინც ამ განცხადებაში, რომელიც ოპოზიციონერებმა გააკეთეს, უფრო მეტი პოლიტიკური სპეკულაციაა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება მოითხოვა, მიზეზად სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიცია დასახელდა. ხუთი მოსამართლე პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ასაჩივრებს - საქმე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონს ეხება.