"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვან - "კურიერის" ინფორმაციით, პარტია მიუნხენის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოს მიმართავს და არგუმენტად საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება მოჰყავს. მიმართვას ხელს აწერენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები.
საუბარია გერონტი ალანიაზე - კუდის ყოფილი ჩინოსანი, ჯერ კიდევ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაასამართლეს გირგვლიანის საქმეზე, თუმცა ის 2 წელში მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ახლა მიმდინარე საქმეები კი ეხება, ასევე, 2005 წელს რესტორან "ძველ თბილისში" მომხდარ უთანხმოებას და ამის გამო პოლიციელების სასტიკ ცემას, ასევე, მოქალაქე ბულაშვილის ოქროყანაში ცემის ფაქტს.
"ნაცმოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ალანია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მას აქ პოლიტიკური მართლმსაჯულება ელოდება. წერილში ვრცლად წერენ, ასევე, გახმაურებულ საქმეზე, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. გერმანიაში გაგზავნილ წერილს "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ 4 წევრი აწერს ხელს და როგორც აღმოჩნდა, პარტიაში ამის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ.
"ამ წერილში წერია ის, რაც ხდება და რა მძიმე ვითარებაც არის დღეს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამ წერილში აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკური დევნა არის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; ამ წერილში არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებებზე საუბარი.
მაგალითად, საბერძნეთის სასამართლო, ავსტრიის ან ბრიტანეთის სასამართლო, მაგალითად, საფრანგეთის სასამართლო, რომლებმაც პირდაპირ აღიარეს, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა და აქედან პოლიტიკურად დევნილ ადამიანებს მიანიჭეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ეს არის ჩვენი, რამდენიმე ადამიანის სახელით გაგზავნილი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა აკაკი მინაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ბოტკოველსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანს ბაჩო დოლიძეს, მათ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ.
"ნაციონალური მოძრაობის" წერილს, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, უკვე გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის მიუღებელია ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით იყენებს. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ოპონენტებს პოლიტიკური წარსულიც გაახსენეს.
"საქართველოს პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების ყველანაირი დაცვა, როგორც მისი ჯანმრთელობის, ასევე, მისი ღირსების დაცვა მაქვს მხედველობაში. გერონტი ალანია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, საქართველოს ციხეში მას არ ემუქრება არაფერი, განსხვავებით იმ ციხისგან, რომელსაც წარმოადგენდა ის ხელისუფლება, ვისი სახელითაც დღეს კეთდება ასეთი განცხადებები.
რაც შეეხება გერონტი ალანიას დანაშაულს, იგი დაკავშირებულია ადამიანის წამებასთან, ფაქტები დადგენილია, კონკრეტული დანაშაული დადგენილია," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული გერონტი ალანია არ იმყოფება საქართველოში და ბუნებრივია, რომ ექსტრადირების პროცედურები უნდა წარიმართოს.
"ექსტრადიციას რაც შეეხება, როდესაც მსჯავრდებულია პირი და არ იმყოფება საქართველოში, ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცედურები უნდა წარიმართოს.
"ნაციონალური მოძრაობის" გაცხარებას რაც შეეხება, მე გამიჭირდება ამ შემთხვევაში იმის ამოხსნა, რა შეიძლება იყოს ინტერესი, თუმცა, არ მგონია, რომ რაიმე იყოს ინტერესი ისეთი, რომელიც დამალვას არ საჭიროებს მათი მხრიდან და შეიძლება ბევრი რამ მოვიაზროთ ამაში. მათ შორის, შეიძლება, რომ მაინცდამაინც დიდად ინტერესით არ ეკიდებოდნენ ისეთი მაღალჩინოსნების ექსტრადიციას, რომელსაც შეიძლება მაინცდამაინც კარგი ინფორმაცია თუნდაც მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებთან დაკავშირებული პირების საქმიანობაზე, ამაზე ხელი მიუწვდებოდეთ და შეიძლება, ეს უბრალოდ მათ ინტერესში არ იყოს, რომ აქ დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი ინფორმაციის სხვისთვის მიწოდება შეუძლიათ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამად გერმანიაში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ის რამდენიმე საქმეზე არის გასამართლებული, მათ შორის ერთ-ერთი სანდრო გირგვლიანის საქმეა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.