15 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
გასაგებია "ნაცმოძრაობის" შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს - ირაკლი კობახიძე ენმ-ის წერილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ნაცმოძრაობის" წერილის კომენტირებისას განაცხადა, რომ აბსოლუტურად გასაგებია "ნაცმოძრაობის" შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს. ის იმედოვნებს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

საუბარია წერილზე, რომლის თანახმად, "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრები მიუნხენის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოს სთხოვენ, უარი თქვას სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირებაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "ნაცმოძრაობა" იგივეს აკეთებდა მეგის ქარდავას და სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, "ვიღაცებმა რაღაცები არ ილაპარაკონ".

"ისინი იგივეს აკეთებდნენ მეგის ქარდავას შემთხვევაში, სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცებმა რაღაცები არ ილაპარაკონ. მათ ერთად აქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია მათი შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები