საკანონმდებლო დონეზე გაგრძელდება იმ სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და საქმიანობები, რომელთა მთავარი მიზანი არის ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება ,- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტში დღეს დაგეგმილ, კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც სასამართლო რეფორმის თაობაზე შეიკრიბებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დეპუტატებთან ერთად და ამ სფეროში გასატარებელ რეფორმებთან და კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, გაგრძელდება მსჯელობა.
"სასამართლოსთან დაკავშირებით ორი მომენტი არის მნიშვნელოვანი: პირველი რეკომენდაციაა, რომ შემუშავებულ იქნას ჯერ სტრატეგია სასამართლო რეფორმის და შემდეგ ამ სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებულ იქნას შესაბამისი პროექტები და განხორციელდეს საკანონმდებლო რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენი გრაფიკის მიხედვით, სტრატეგია შემუშავებული იქნება 1 ოქტომბრამდე, ხოლო 1 ნოემბრამდე დაინიცირდება შესაბამისი ცვლილებები.
ვიცით, რომ ჯერ კიდევ ეს პროცესი თებერვალში დავიწყეთ, ამიტომ გარკვეულწილად იყო უკვე წინ წასული ეს საქმიანობა. ამ სამუშაო ჯგუფში მოხდა უკვე საპარლამენტო ჯგუფების მხრიდან საკუთარი წერილობითი ანალიზის და შეფასების წარმოდგენა - "ქართულმა ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" წარმოადგინეს. დღეს, 14:00 საათზე იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ამ მოსაზრებების გაცნობის შედეგად, იქნება აზრთა გაცვლა, რაზეა ან რაზე არ არის თანხმობა და რა არგუმენტები არსებობს. ეს არის სწორედ ის პროცესი, რომელსაც ჩვენგან მოელის ევროკავშირი, რომელიც იქნება ფაქტებზე, არგუმენტებზე დაფუძნებული საგნობრივი დისკუსია, რომლის საფუძველზეც იქნება მოძებნილი გადაწყვეტის გზები", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.