სამი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის", "ლელო საქართველოსთვის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, თუ რატომ არ ერთვებიან ხელისუფლების მიერ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.
აღნიშნული პარტიების წარმომადგენლები, დღეს, 15:00 საათზე, დამოუკიდებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან.
"ამ ფარსში არ ვმონაწილეობთ. გვინდა ყველას - მოქალაქეებსაც, ევროპელებსაც ვანახოთ, რომ სინამდვილეში საქართველოში ყველა ასე არ ფიქრობს, არ ბნელა. 12 რეკომენდაციის რეალური შესრულების პირობები არის ის კანონები, რომელსაც ჩვენ დავწერთ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფს ფიქციურ პროცესს უწოდებს.
"სამოქმედო გეგმას რაც შეეხება, ის კონკრეტული მიმართულებით დაიდო, კიდევ დაიდება და უფრო დაკონკრეტდება სწორედ იმ პროცესის შედეგად, რომელიც ოპოზიციამ არასამთავრობოებთან ერთად შექმნა. "ქართულ ოცნებას" შეუძლია, ევროკავშირის რეკომენდაციები შეასრულოს ან შეუძლია გააგრძელოს ფიქციურ კომისიებში მუშაობა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად დეპუტატთა ჯგუფები შეხვედრებს განაგრძობენ. უკვე საათზე მეტია "ქართული ოცნება," "გირჩი," "მოქალაქეები," "საქართველოსთვის" და ევროპელი სოციალისტები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ შემთხვევაში საუბარია მე-11 პუნქტზე, რომელიც ითვლისწინებს ისეთი კანონების მიღებას, რომლის მიხედვით, სასამართლოებს ექნებათ ვალდებულება აქტიურად გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები მათ მსჯელობებში. ამ პროცესში ისევ არ მონაწილეობს სამი ოპოზიციური პარტია. ისინი დღეს 15:00 საათზე დამოუკიდებლად მესამე სექტორს შეხვდებიან.