არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წუთებში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკუთარ ხედვაზე მსჯელობენ. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. დისკუსიაზე ევროპული საბჭოს 12 პუნქტს დეტალურად განიხილავენ.
"სამოქალაქო სექტორი უკვე მერამდენედ ვცდილობთ იმას, რომ ჩვენ ვესაუბროთ ყველას და არა მარტო ცალ-ცალკე რაღაც სხვადასხვა ჯგუფებში, არამედ ვესაუბროთ პოლიტიკურ აქტორებს ერთად, ჩვენ შევძლოთ ის, რომ დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ იმ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას აქვს შესასრულებელი. ალტერნატიულ პროცესზე ვახსენე და გავიმეორებ, რომ ჩემთვის გაუგებარია ზოგადად ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების არსი, თუმცა თუ საუბარი არის იმაზე, რომ მათ ჩვენგან სურთ მოისმინონ რას ვფიქრობთ ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ამის თაობაზე ჩვენ წინააღმდეგობას არ გამოვთქვამთ," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე წარმოდგენილი გეგმის პოლიტიკური პარტიებისთვის გაცნობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"წარმოდგენილი გეგმა არის ძალიან კონკრეტული და დეტალური, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში კანონპროექტებიც არის წარმოდგენილი, რომელზეც ნამუშევარია და თუ რამდენი ხმა არის საჭირო და ხმის მიცემის პროცედურა პარლამენტში, ასეთი დეტალურია. სწორედ ამიტომ გვინდა გავაცნოთ ეს პოლიტიკურ პარტიებს და ის, რაც უკვე შესაძლოა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამაზე დაიწყონ მათ მუშაობა," - განაცხადა ნინო დოლიძემ.