15 ნოემბერი 2024,   13:05
ვრცლად
დიდი ალბათობით საუბარი ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა...საერთოდ არ ვინტერესდები - ბაჩო დოლიძე დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში" საუბარი არ ყოფილა, ოპოზიციაში ეხმაურებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრა დიდი ალბათობით, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა. 

"ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს დემოკრატიის კუთხით. დიდი ალბათობით ეგ საუბარი მარჩიელობა გამომდის, მე ვუკავშირებ ევროპულ ინტეგრაციას და პოლიტიკურ ნებასა და კურსს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამას ვერ ვიძახი ბოლომდე, არ ვიცი მანამდე იყო შეხვედრა, მერე იყო, საერთოდ არ ვინტერესდები. [ეს] ხაზს უსმევს ერთ რამეს, რომ ფორმალური მმართველი ჰყავს ქვეყანას," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.  

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ლოგიკურია, რომ კელი დეგნანი რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარების ფონზე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან მისულიყო. მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და განვითარება იყოს.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აკეთებს. ინტერვიუში კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში", ან შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

დღის ამბები