27 დეკემბერი 2024,   02:26
ვრცლად
აშშ-ის ელჩმა ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა - დარჩათ თუ არა კითხვები "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს

ყოფილი პრემიერის წერილის გავრცელებიდან მეორე დღეს, შეხვედრა ივანიშვილსა და საქართველოში ამერიკის ელჩს შორის თავად კელი დეგნანმაც დაადასტურა, თუმცა დიპლომატმა, ერთ-ერთ მედია-საშუალებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, აუდიენციის დეტალები არ გაასაჯაროვა. თქვა მხოლოდ ის, რომ ”ქართული ოცნების” დამფუძნებელთან 3-საათიანი საუბარი არ შეხებია არც საქართველოს ომში ჩართვას და არც შვეიცარიულ ბანკთან ყოფილი პრემიერის ურთიერთობას.

ელჩის ამ განმარტებამ დამატებითი კითხვები გაუჩინა ”ქართული ოცნებიდან” წასულ იმ დეპუტატებს, რომლებმაც კელი დეგნანს შეკითხვებით არაერთხელ მიმართეს. მმართველი პარტიის ყოფილ წევრებს ახლა აინტერესებთ, რა არის ის სტრატეგიული საკითხები, რომელიც დიპლომატმა ყოფილ პრემიერთან განიხილა იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი უკვე მიმდინარეობდა. ”ქართული ოცნებიდან” წასულებმა დღეს ივანიშვილი-დეგნანის საუბრის შინაარსზე კიდევ ერთი კითხვა დასვეს - ხომ არ იყო მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, დაბრუნდეს პოლიტიკაში.

შეხვედრის დეტალები არ იციან არც ”ქართულ ოცნებაში”, რომლებიც ახლა აუდიენციის შესახებ მეტ კონკრეტიკას ელოდებიან. აქვთ სხვა კითხვებიც, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რატომ სთხოვა ამერიკის ელჩმა შეხვედრა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მონაწილეობს.

კონკრეტულად, რა საკითხები განიხილეს ბიძინა ივანიშვილმა და კელი დეგნანმა შეხვედრაზე, შეფასებების საგანია ოპოზიციურ სპექტრშიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ საუბრის თემა ელჩსა და ყოფილ პრემიერს შორის ომის საკითხი არ იქნებოდა. მმართველი პარტიის ოპონენტებმა აუდიენცია ხელისუფლებაზე ივანიშვილის გავლენების დადასტურებად აღიქვეს.

წერილმა რომ ბევრი დამატებითი კითხვა გააჩინა, ამაზე მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ახლა საჭიროა საკითხს მეტი სიცხადე მოეფინოს.

ბიძინა ივანიშვილმა წერილი გუშინ გამოაქვეყნა და მასში, მათ შორის, კელი დეგნანთან შეხვედრაც დაადასტურა. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ეს ყოფილი პრემიერის მეორე საჯარო წერილია. ივანიშვილი წერს, რომ არ სურდა პოლიტიკურ პროცესებზე მის ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა, რაც საჯარო სივრციდან მისი დისტანცირების მიზეზი იყო, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ როგორც მოქალაქე და ქვეყნის გულშემატკივარი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

დღის ამბები