27 დეკემბერი 2024,   02:15
ვრცლად
რა დეტალებს ჰყვება ივანიშვილის ადვოკატი "კრედიტ სუისთან" დავის შესახებ და როდის უნდა გადაიხადოს დავალიანება შვეიცარიულმა ბანკმა

"კრედიტ სუისის" ქმედებები ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია და ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება. ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ მომჩივანი მხარისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა დგას ბანკის მენეჯმენტის კომერციულად და რეპუტაციულად წამგებიანი ფინანსური თამაშების უკან.

ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ ბანკი, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს პრეტენზიები ჰქონდა, გუშინ გაამტყუნა. კრედიტ სუისს კი დაავლდებულა 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა 42 დღის ვადაში უნდა დაფაროს. ივანიშვილის ადვოკატი ჰყვება, რომ ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, ფული სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაირიცხა. თანხა იქ მანამ დარჩება, სანამ ყველა სააპელაციო საფეხური არ დასრულდება.

"კრედიტ სუისის" საქმეზე თავად ბიძინა ივანიშვილმა ვრცელ წერილში ისაუბრა, რომელსაც დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, ივანიშვილისა და ბანკის ურთიერთობა კერძო დავაა. დიპლომატს არც ის ესმის ,თუ რატომ იკარგება დრო კონკრეტული პირების ფინანსური საკითხების განხილვაზე. ელჩი იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ შეზღუდვებისა და ზეწოლის შესახებ ბოლო დროს ბევრი ბუნდოვანი ინსინუაციაც იყო.

ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. ვიქტორ ყიფიანის თქმით, ამ დრომდე არავითარი ფორმალური სანქცია ყოფილი პრემიერის მიმართ არ დაწესებულა, თუმცა აქტივების შეზღუდვა კითხვებს დაცვის მხარეს უჩენს.

მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ჯამური ზარალი მილიარდ დოლარზე მეტია. სკანდალში გახვეულ და ზარალში გადავარდნილი სიდიდით მეორე შვეიცარულ ფინანსურ კონგლომერატში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საკადრო ცვლილებაც განხორციელდა და დირექტორმა პოსტი დატოვა. გახმაურებული დავა საქართველოს ყოფილ პრემიერსა და "კრედიტ სუისს" შორის წლებია მიმდინარეობს. ივანიშვილი ბანკს თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა, თუმცა ბანკი ბრალს არ აღიარებდა. ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება კი უკავშირდება მარტის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, ”კრედიტ სუისი” პასუხისმგებელია იმისთვის, რომ არ მიიღო ადეკვატური ქმედებები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად.

დღის ამბები