27 დეკემბერი 2024,   03:01
ვრცლად
საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია ამ ნიშნულს ჩვენ მალე მივაღწევთ-ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს და საქართველოს აქვთ კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა.

მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. 

"ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს," - აღნიშნა დარჩიაშვილმა. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც. 

"ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ,“ - განმარტა მინისტრმა.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

დღის ამბები